ბეწვის მოვლის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნა – დავარცხნაა. დავარცხნის მეთოდის და საშუალების შერჩევა პირველ რიგში კატის ჯიშზეა დამოკიდებული. გრძელბეწვიანების და საშუალოეწვიანების დავარცხნა სასურველია ბლაგვი კბილების მქონე მეტალის სავარცხლით, თავიდან კუდის მიმართულებით, "საყელოს" დავარცხნა კი საწინააღმდეგო მიმართულებით. თავიდან იყენებენ მეჩხერ კბილებიან სავარცხელს, შემდეგ კი შედარებით სქელს. ზოგჯერ ბეწვი უფრო იოლად ივარცხნება, თუ მას ოდნავ დავასველებთ.
მოკლებეწვიანი კატის ყოველდღიურად დავარცხნა არ არის აუცილებელი. სრულიად საკმარისია ამ პროცედურისთვის კვირაში ორჯერ გამოვყოთ ნახევარ–ნახევარი საათი. დავარცხნის შემდეგ ტანზე უნდა დავაყაროთ მშრალი პუდრისებრი შამპუნი, რაც შემდეგ უნდა ჩამოვაშოროთ ძუის ჯაგრისით. შამპუნის შემცვლელად ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ ტალკი ან სიმინდის კრახმალი. მოკლებეწვიანი კატებისთვის კარგ "მშრალ შამპუნს" წარმოადგენს ქატო. დაახლოებით 300 გრამი ქატო უნდა გავაცხელოთ ღუმელში, დავსვათ კატა ქაღალდზე და შევაზილოთ "შამპუნი" ბეწვში. პუდრის ჩამოვარცხნისას კატა ისე უნდა დავიჭიროთ, რომ მას ფხვნილი არ მოხვდეს თვალში ან ცხვირში.
ბეწვი კატას უახლდება თითქმის მთელი წლის მანძილზე. ბევრ ჯიშს, განსაკუთრებით მოკლებეწვიანებს, ბეწვი სწრაფად და ძნელად შესამჩნევად სცვივათ. გრძელბეწვიანებში ბეწვის ცვენა უფრო დიდხანს გრძელდება. ამ დროს დავარცნა აუცილებელია, რადგან დავარცხნისას ხდება კანის საფარის მასაჟი, რაც ხელს უწყობს ბეწვის ზრდას.
პირველი ბეწვის ცვენა, როდესაც კნუტს უფერული ღინღლი მოზრდილი ცხოველის საფარით ეცვლება, 5–7 თვის ასაკში ხდება, შემოდგომაზე ან გაზაფხულზე.

No comments:
Post a Comment